ტესტები ეროვნული გამოცდებისათვის

ტესტები ეროვნული გამოცდებისათვის

I. ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)
კახეთის ისტორიული ქალაქი გრემი მდინარე ინწობის ნაპირზე იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე უკვე ბრინჯაოს ხანაში უნდა ყოფილიყო. მიუხედავათ იმისა, რომ გრემი კახეთის დედაქალაქი იყო მის ისტორიაზე, თვით ქალაქზე, მის იერსახეზე მხოლოდ რამდენიმე მწირი ცნობები მოგვეპოვება. ერთი კი ცხადია დღემდე შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ არსებობის ხან მოკლე პერიოდში გრემი აყვავებული, ფრიად მნიშვნელოვან ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დამშვენებული ქალაქი ყოფილა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სპარსული და ჩინური კერამიკის ნიმუშები რაც არქეოლოგიური გათხრებით იქნა მოპოვებული. იმას, რომ ქალაქს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონია იმ დროის მოწინავე ქვეყნებთან, სწორედ ამ მასალებით დასტურდება. 1614 წელს კახეთი შაჰ-აბასს დაულაშქრია და სასტიკად აუოხრებია. შაჰის რისხვა გრემსაც დატყდომია თავს. როგორც როსტომ მეფის მემატიანე მოგვიანებით სწერდა, გრემის ერთ დროს მშვენიერი სასახლეები ნადირთა სადგომად იყო ქცეული. გრემმა როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა კიდევ რამდენიმე ათეულ წელს იარსება და შემდეგ პირველობა თელავს დაუთმო.


 II. არგუმენტირებული ესე (24 ქულა) ტოლერანტობა ნიშნავს სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესებისა და ღირებულებების პატივისცემასა და აღიარებას. გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება: ტოლერანტობა არ ნიშნავს უპრინციპობას. იგი გულისხმობს საზოგადოების წევრების მიერ ურთიერთდათმობების საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

III. წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი (40 ქულა)

1. „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელი უამბობს ავთანდილს სასახლეში გამართული თათბირის შესახებ, რომელიც ნესტანის გათხოვებას ეხებოდა:
I. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცნა მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
 II. გვიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ-სმა არად გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.
 III. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.
 IV. ვთქვით: „თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.
V. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისა არ ითქმის, არ-საქმნელია!“ მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია“.
VI. რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
 VII. დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“ შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.
VIII.გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი, შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოველი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.
IX. კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“
X. კვლა გაგზავნეს კაცნი სხვანი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს, თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“. მე მაშვრალი, ნაბურთალი, საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.


 ა) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)

3. დღის რომელ მონაკვეთს აღნიშნავს სიტყვები: „დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა“? ა) დილას. ბ) საღამოს. გ) შუადღეს. დ) ღამეს.

4. რა ჩანს ტარიელის ქმედებაში - „წასვლა ვქმენ მითვე წამითა“? ა) გაბედულება და სიმამაცე მეფე-დედოფალთან დასაპირისპირებლად. ბ) თავშეკავება და აუჩქარებლობა სახელმწიფოებრივი საქმის კეთებისას. გ) უზენაესი ხელისუფლის პატივისცემა და მორჩილება. დ) უზენაესი ხელისუფლის უპატივცემულობა და დაუმორჩილებლობა.

5. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ის, რომ მეფე-დედოფალთან ტარიელს მხოლოდ სამი დიდებული დახვდა? ა) მეფის ავტორიტეტი შერყეულია და იგი მხოლოდ სამ ვეზირს ენდობა. ბ) მეფე თავმდაბლობით გამოირჩევა და მრავალრიცხოვან დარბაზობას თავს არიდებს. გ) სასაუბრო თემა საიდუმლოა და მხოლოდ ვიწრო წრეში განიხილება. დ) ტარიელის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ამიტომ ხალხმრავლობას ერიდებიან.

6. რა არგუმენტს იშველიებენ მეფე და დედოფალი იმის დასასაბუთებლად, რომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღონ? ა) მტერი კარსაა მომდგარი. ბ) მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. გ) სიბერის ჟამი დაუდგათ. დ) ქვეყანა პოლიტიკურად დასუსტდა.

 7. რა დასკვნა შეიძლება იქნეს გამოტანილი მეფე-დედოფლის საუბრიდან? ა) ინდოეთის სამეფო ტახტს მემკვიდრე არა ჰყავს. ბ) მოკავშირის გარეშე ინდოეთს ხატაელები დაიპყრობენ. გ) ტარიელს აქეზებენ, რომ ნესტანის ხელი ითხოვოს. დ) ქალიშვილის ბედნიერება მეფის მთავარი საზრუნავია.
8. როგორ შეხვდნენ მეფე-დედოფლის წინადადებას დიდებულები? ა) აღშფოთებით. ბ) მშვიდად. გ) პროტესტით. დ) სიხარულით.

 9. როგორ შეხვდა მეფე-დედოფლის წინადადებას ტარიელი? ა) თავზარი დაეცა, თუმცა თავის შეკავება შეძლო. ბ) შიშისაგან ძალა წაერთვა და ხმა ვეღარ ამოიღო. გ) ძალიან გაუხარდა, რომ დიდი ზეიმი ელოდა. დ) წინააღმდეგობა გაუწია და მეფეს ომით დაემუქრა.

10. ტექსტის რომელ მონაკვეთში ჩანს ტარიელის ქცევის მოტივაცია? ა) „ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“. ბ) „ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა“. გ) „მე მაშვრალი, ნაბურთალი, საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“. დ) „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა“.

 11. რა არგუმენტს იშველიებს დედოფალი ხვარაზმშასთან დანათესავების უპირატესობის საჩვენებლად? ა) ხვარაზმელები ინდოელების მოკავშირენი არიან. ბ) ხვარაზმშას ყველა ემორჩილება. გ) ხვარაზმშას შვილი საუკეთესო მეომარია. დ) ხვარაზმშა ძლევამოსილი ხელმწიფეა.

12. რატომ დაეთანხმა ტარიელი მეფე-დედოფლის გადაწყვეტილებას? ა) დარწმუნებული იყო, რომ მეფე წინააღმდეგობისათვის სასტიკად დასჯიდა. ბ) ეჭვობდა, რომ ხვარაზმშა მასთან დაპირისპირებას არ აპატიებდა. გ) ვარაუდობდა, რომ მის პოზიციას მხარს არავინ დაუჭერდა. დ) იცოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

 13. რომელ სტრიქონში იყენებს ავტორი მეტაფორას? ა) „გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი“. ბ) „მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი“. გ) „ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა“. დ) „შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი“.

14. რომელ ფრაზაში ჩანს, რომ მეფე და დედოფალი თავს უხერხულად გრძნობდნენ? ა) „მოდით ჩვენად ნაბრძანებად“. ბ) „სიტყვაცა აგრე სწბებოდა“. გ) „ჟამი გვახლავს სიბერისა“. დ) „ყმისა არ-სმა არად გვგავა“.

15. რომელი სიტყვები მიუთითებს ხელისუფალთა თვალთმაქცობაზე? ა) „არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოველი“. ბ) „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი“. გ) „თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“. დ) „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“.

 16. როგორ ახასიათებს ტექსტის ეს მონაკვეთი ინდოეთის ხელმწიფეს? ა) როგორც ინტრიგების მხლართავს. ბ) როგორც სამართლიან ხელმწიფეს. გ) როგორც სიმდიდრის მოყვარულს. დ) როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს.

17. როგორ ახასიათებს ტექსტის ეს მონაკვეთი ტარიელს? ა) როგორც თავგანწირულ მიჯნურს. ბ) როგორც ფიცხსა და დაუნდობელს. გ) როგორც ღირსეულ მეტოქეს. დ) როგორც წინდახედულსა და თავშეკავებულს.

 ბ) მხატვრული ტექსტის ანალიზი (25 ქულა)

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:  იმსჯელეთ მეფის მხატვრული სახის შესახებ;  იმსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;  იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ. თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!


 რომანში „იუპიტერის სინანული“ ჯემალ ქარჩხაძე მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობს რომაელი იმპერატორი ნერონი, გაექცეს ამბოხებულ ხალხს: ნერონი შავ ცხენზე იჯდა, შავი ლაბადა ეცვა და შავ ღამეს ფრთხილად მიარღვევდა. დიდი გზა არ ჰქონდა გასავლელი. ფაონის მამულამდე ქალაქის ბოლოდან სულ სამი-ოთხი მილი თუ იქნებოდა. გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ქალაქში კი ხმაური იზრდებოდა და თითქოს თანდათან ახლოვდებოდა. ნერონი უკან არ იყურებოდა. წეღანდელი შიში სადღაც გამქრალიყო. შიშის მაგივრად ახლა გულში ნაღველი ედგა, მწარე, ენით გამოუთქმელი ნაღველი, და ასე ეგონა, ხალხი კი არ ხმაურობდა მის ზურგს უკან, ხალხის ყიჟინა და ღრიანცელი კი არ ახლოვდებოდა, არამედ თავად ქალაქი რომი აღმდგარიყო, დაძრულიყო ეს ვეება, საშინელი ურჩხული, სიყვარულ-სიძულვილის გაუგებარი და გამოუხსნელი გორგალი, დაძრულიყო თავის სახლებიანად და სასახლეებიანად, ტაძრებიანად და ქანდაკებებიანად, ქუჩებიანად და მოედნებიანად, დაძრულიყო შვიდივე ბორცვი და ფეხდაფეხ მოსდევდა. და ნერონმა არც კი იცოდა, რა ერჩივნა: გაქცეოდა თუ ვერ გაქცეოდა. უკან ხმაური იზრდებოდა, ჩირაღდნების რიცხვი მატულობდა და ქალაქი ისე ჩახჩახებდა, თითქოს ხანძარი გასჩენიაო. წინ კი სიბნელე და სიწყნარე იყო. ნერონი თავისდაუნებურად ყურს უგდებდა ქალაქის ხმაურს და ნაღველში გახსნილი შიშით გაჟღენთილ გულში დროდადრო მწარე სიცილი უფეთქავდა. სულელი რომაელები თავიანთი სისულელის გამო დარწმუნებული არიან, რომ, როგორც კი ნერონს მოიშორებენ, მყისვე ღვთაებრივი სამართლიანობის მარადიულ ნათელში შევლენ. ბრმა გულუბრყვილობა. ჭკუამოკლე სიხარული. ბერწი მეხსიერება. ამათ სიახლე განახლება ჰგონიათ და ამიტომ დღეს ისეთივე აღტაცებით ზეიმობენ ნერონის დამხობას და გალბას აღზევებას, როგორი აღტაცებითაც გუშინ კლავდიუსის დამხობა და ნერონის აღზევება იზეიმეს... და ტრიალებს ასე წუთისოფელი ბრმა შურისძიებასა და ცრუ იმედს შორის... ამაოება... და ნერონიც, ამხელა ხელოვანი, ისე გაიხსნა და განზავდა ამაოებაში, ერთი ღირსეული ლექსი ვერ შეთხზა!.. რაც აქამდე უკეთებია, მხოლოდ მზადება და ვარჯიში იყო. ნუთუ ყოველივე მზადებით უნდა დამთავრდეს?.. რად გინდოდა ეს იმპერატორობა?! რა ხმლად და ფარად გამოგადგება?! რატომ გვიბნევენ ასე უმოწყალოდ გზა-კვალს ღმერთები, რატომ? ახლა რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შეძლებოდა, ნერონი ბრიტანიკუსს დაუთმობდა პირველობას - თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდა, რომ შემთხვევით საჭმელში საწამლავი არ შეჰყოლოდა - თვითონ კი ფაფუკ ღრუბელში გაეხვეოდა და სამხრეთის ნიავს გაჰყვებოდა, თავის სიცოცხლეს ლექსებად დაჭრიდა, ტკბილი სიმღერის ნაკურთხ ჭურჭელში ჩააწყობდა და ხელოვნების წმინდა ცეცხლზე მსხვერპლად მიიტანდა, რათა შეწირული მსხვერპლისაგან სხვა სიცოცხლე წარმოქმნილიყო, რომელიც მარადიული გაზაფხულის უსასრულო ჭალების ბოლოს ზეციურ მწვერვალზე შედგამდა ფეხს, სადაც დიდი უსინათლო1 უკვდავ ღმერთებს ლექსად ებაასება. ეს იყო ნერონის მოწოდება და არა იმპერატორობა. 2 მაგრამ ნერონი ამას გვიან მიხვდა... თუმცა, ვინ იცის, იქნებ არც არის გვიან?.. ამაღამდელ ღამეს თუ გადაურჩა... ფაონის მამულში ეპაფროდიტუსი ელის. იქნებ ოსტიაში ხომალდი ჰყავს გამზადებული? იქნებ მოესწროს გაქცევა?.. მარციუსის არხი გადაჭრა და ფაონის მამულამდე თითქმის აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი, რომ უცებ მარჯვნიდან, სადაც პრეტორიის ბანაკი იყო, გზაზე რამდენიმე მხედარი გამოჩნდა. ნერონს გული გაუცივდა და ცხენი ინსტინქტურად შეაყენა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მყისვე ისევ განაგრძო გზა, ოღონდ ოდნავ გვერდზე კი შებრუნდა, რომ სახე არ ეჩვენებინა. მხედრებმა ერთი შეავლეს თვალი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ, თავიანთი გზით წავიდნენ. ნერონმა შვებით ამოისუნთქა და იმავ წამს კიდევ ერთი მხედარი დაინახა, რომელიც, ჩანს, დანარჩენებს ჩამორჩენოდა. დიდი იყო, ფართო მხარბეჭი ჰქონდა, გაჩაჩხული იჯდა ცხენზე და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. ნერონი რომ დაინახა, ღიღინი შეწყვიტა,
 1 იგულისხმება ანტიკური სამყაროს გამოჩენილი პოეტი ჰომეროსი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ბრმა იყო.
2 ნერონი თავს დიდ პოეტად და მსახიობად მიიჩნევდა.
ყურადღებით დააცქერდა, ერთხანს ასე უყურა, მერე უცებ თავისი ცხენი მის ცხენს გაუპირდაპირა და ნაბიჯსაც აუჩქარა. ნერონს ისევ გაუცივდა გული. ნუთუ ეს არის? ნუთუ ეს დათვი აირჩია ბედისწერამ იმპერატორის მკვლელად?.. მხედარი აშკარა ქადილით მოდიოდა და ნერონის გული - პატარა, გამხმარი, უსიცოცხლო - მკერდის ბნელ ღრუში უსასოოდ ცახცახებდა და უხმოდ ფეთქავდა. ნერონი ცდილობდა სახე მოერიდებინა, თან ჩუმად უთვალთვალებდა. ჯერ ანიკეტუსს მიამსგავსა, მერე ანიკეტუსის ცენტურიონს, რომელიც ანიკეტუსს ჰგავდა. ერთი დაპირება დააპირა, ცხენი გვერდზე გაეწია, მაგრამ ძალა არ ეყო. როდესაც სულ ახლო მოვიდა, ისე, რომ ცხენებმა ლამის შუბლი შუბლს მიაბჯინეს, მხედარი უცებ შეკრთა, თვალები გაუფართოვდა, სახეც შეეცვალა, სწრაფად მოზიდა მარჯვნივ აღვირი და ნერონს გზა მისცა, თან შიშით, განცვიფრებით თუ სიხარულით - ამის გარკვევა ძნელი იყო - ისე, თითქოს ყელში გაჩხერილი ლუკმა უკანვე ამოაგდოო, ამოიძახა: - დიდება ცეზარს! - და სწრაფად გაეცალა. ნერონი გახევდა. ერთხანს ასე გახევებული იდგა. ფიქრები დამფრთხალი ჩიტებივით გაიფანტნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა და გულში იმედი და სიხარული აუმოძრავდა. მეომარმა იცნო. იცნო და, იმის ნაცვლად, რომ მოეკლა, სალამი მისცა. განა მთელი ლაშქარი ასე არ მოიქცევა? იმპერატორის ურჩობა ადვილია, სანამ იმპერატორი არა ჩანს. როგორც კი დაინახავენ, ყველანი ასე შეშინდებიან. მთავარია, ნერონმა გაბედოს და თავაწეული, მხნე ნაბიჯითა და ზვიადი ღიმილით წარდგეს ხალხისა და ლაშქრის წინაშე... ცხენი ნელა მიატრიალა და გაიხედა, მაგრამ, ქალაქის ბორცვებზე რომ ურიცხვი ჩირაღდანი დაინახა და ყრუ გუგუნი გაიგონა, რომელშიაც არტახებშეხსნილი მუქარა იდგა, ცხენი უკანვე შემოატრიალა. არა, ის ქალაქი - ანთებული, აღტკინებული, იმედიანი - მისი აღარ იყო


ა) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)

 3. რა ფუნქცია აქვს ტექსტის პირველ წინადადებას? ა) ავისმომასწავებელი განცდა აღძრას. ბ) ოპტიმიზმის შეგრძნება გააჩინოს. გ) ნეიტრალური განწყობილება შექმნას. დ) ღამის პეიზაჟი აღწეროს.

4. რას ნიშნავს ნერონისთვის ის, რომ „ფაონის მამულამდე... სულ სამი-ოთხი მილი თუ იქნებოდა“? ა) მანძილს მისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს. ბ) გზის სირთულე გადარჩენის შანსს უმცირებს. გ) გზის სიმოკლე გადარჩენის იმედს უძლიერებს. დ) ფაონის მამულამდე მიღწევა მისთვის შეუძლებელი ხდება.

 5. რაზე მიანიშნებს ის, რომ ქალაქის ხმაური „იზრდებოდა და თითქოს თანდათან ახლოვდებოდა“? ა) ქალაქის ხმაური ნერონს ვეღარაფერს დააკლებდა. ბ) ხმაურის მოახლოება ნერონს იმედს უღვიძებდა. გ) ნერონი სასიკვდილო საფრთხის წინაშე იდგა. დ) ხმაური ნერონს ქალაქში დაბრუნებისაკენ უბიძგებდა.

6. რატომ აღიქვამს ნერონი რომს საშინელ ურჩხულად? ა) რომში სამოქალაქო ომია და მოსახლეობა ერთმანეთს დაუნდობლად ანადგურებს. ბ) რომის მოსახლეობის ამბოხი ქვეყნის ერთიანობას ძირს უთხრის. გ) რომის მოსახლეობა ამბოხებულია და იმპერატორს მოსაკლავად მოსდევს. დ) რომის მოსახლეობის ამბოხი მთელი სამყაროსათვის საფრთხეს წარმოადგენს.

7. რა მხატვრული საშუალებაა „ქალაქი რომი აღმდგარიყო, დაძრულიყო“? ა) გაპიროვნება. ბ) ეპითეტი. გ) შედარება. დ) ალუზია.

8. რის გამო უწოდებს ნერონი რომაელებს „სულელებს“? ა) მათი უანგარო სიკეთის გამო. ბ) მათი წინდაუხედაობის გამო. გ) მათი მოჩვენებითი მრისხანების გამო. დ) მათი ურთიერთსიძულვილის გამო

9. რატომ დასცინის ნერონი რომაელთა „ჭკუამოკლე სიხარულსა“ და „ბერწ მეხსიერებას“? ა) ნერონის აზრით, ერთი იმპერატორის მეორე იმპერატორით შეცვლა რომაელებს სიკეთეს ვერ მოუტანს. ბ) ნერონის აზრით, რომაელებმა მისი, როგორც მხედართმთავრის, ღირსებები სათანადოდ ვერ დააფასეს. გ) ნერონის აზრით, რომაელებმა არ იციან, რომ უკვე „სამართლიანობის მარადიულ ნათელში“ იმყოფებიან. დ) ნერონის აზრით, რომაელები კლავდიუსის დამხობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჰგუებოდნენ.

 10. რას მისტირის ამბოხებულთაგან დევნილი ნერონი? ა) რომ ტახტის მოცილეები დროზე ვერ მოიშორა. ბ) რომ საკუთარი მხედართმთავრული უნარი ვერ გამოიყენა. გ) რომ რომაელთა ინტერესები სათანადოდ ვერ გაითვალისწინა. დ) რომ პოეტური ნიჭი სრულად ვერ გამოავლინა.

11. ნერონის რა თვისებაზე მიუთითებს ფრაზა: „...ზეციურ მწვერვალზე შედგამდა ფეხს, სადაც დიდი უსინათლო უკვდავ ღმერთებს ლექსად ებაასება“? ა) ნიჭიერებაზე. ბ) თავმდაბლობაზე. გ) სიმამაცეზე. დ) ამპარტავნობაზე


12. რაზე მიანიშნებს ნერონის ფიქრი: „იქნებ მოესწროს გაქცევა“? ა) ამბოხებულთაგან პატიებას ელოდება. ბ) იმედი საბოლოოდ ეწურება. გ) სამომავლო შურისძიებისთვის ემზადება. დ) მცირეოდენ იმედს ებღაუჭება.

  13. რატომ „გაუცივდა“ გული ნერონს, როცა „გზაზე რამდენიმე მხედარი გამოჩნდა“? ა) შურისძიების სურვილმა შეიპყრო. ბ) არავის დანახვა არ სურდა. გ) შეეშინდა, მხედრებს არ მოეკლათ. დ) იფიქრა, სასახლეში დააბრუნებდნენ.

14. ნერონის რა სულიერ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები: „ნერონის გული - პატარა, გამხმარი, უსიცოცხლო...“? ა) კიდევ აქვს გამარჯვების იმედი. ბ) შეშინებული და სასოწარკვეთილია. გ) ავადმყოფობით უკიდურესად დათრგუნვილია. დ) რომის გადარჩენის სურვილი აფორიაქებს.

15. რის იმედი გაუჩინა ნერონს მხედრის მისალმებამ: „დიდება ცეზარს!“? ა) ფაონის მამულამდე მიღწევის იმედი. ბ) გაცამტვერებული დიდების აღდგენის იმედი. გ) პრეტორიის ბანაკში დაბრუნების იმედი. დ) პოეტურ სარბიელზე გამარჯვების იმედი.

16. რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული სიტყვებში: „ბერწი მეხსიერება“? ა) ეპითეტი. ბ) შედარება. გ) ირონია. დ) ალუზია.

 17. რა განაპირობებს ბოლო აბზაცის ტრაგიზმს? ა) ხალხის „ყრუ გუგუნი“ ნერონს სისხლისმღვრელ ბრძოლას აიძულებდა. ბ) ხალხის „ყრუ გუგუნი“ ნერონს აჯანყებულ რომში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. გ) „ურიცხვი ჩირაღდნის“ დანახვამ ნერონი დაარწმუნა, რომ ხალხი უნდა ამოეწყვიტა. დ) „ურიცხვი ჩირაღდნის“ დანახვაზე ნერონი დარწმუნდა, რომ დამარცხდა

ბ) მხატვრული ტექსტის ანალიზი (25 ქულა)

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:  იმსჯელეთ ნერონის მხატვრული სახის შესახებ;  იმსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;  დაახასიათეთ ავტორის თხრობის მანერა და ტექსტის ენობრივი თავისებურებები. თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

მეორე ვარიანტი


I. ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)


არქეოლოგიურმა შესწავლამ ცხადყო, რომ უფლისციხის ტერიტორია ძველი წელთ აღრიცხვის VII საუკუნიდან ყოფილა დასახლებული. მოგვიანებით, მოსახლეობის ზრდისა და ეკონომიკის განვითარების შედეგად, ქალაქის დაარსებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. ჩვენმა წინაპრებმა უფლისციხე გამოჰკვეთეს კლდეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სამხრეთიდან და დასავლეთიდან იგი ბუნებრივათ იყო დაცული, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კი გამაგრება ჭირდებოდა. სწორედ ამიტომ კლდე გაუჭრიათ, ვრცელი თხრილი გაუკეთებიათ და მის გასწვრივ, ქალაქის მხარეს მაღალი და სქელი კედელი აღუმართიათ. ასე გამაგრებული ქალაქი მომხდურთათვის უთუოდ ძნელად ასაღები იქნებოდა. VIII საუკუნიდან უფლისციხე ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი ხდება, კერძოდ იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს არაბებიდან ქვეყნის განთავისუფლების პროცესში. ფეოდალურ საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქალაქმა თანდათან დაკარგა ფუნქცია. ამას თან დაერთო მონღოლთა დამანგრეველი შემოსევები. ურიცხვი მტრის განუწყვეტელმა თავდასხმებმა უფლისციხე ისე დაასუსტა, რომ სულ გაპარტახდა. მოგვიანებით უფლისციხეს რომელიც მთლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისაგან მხოლოდ მტრის შემოსევის დროს ცოცხლდებოდა. ამ დროს მას ახლომახლო სოფლების გლეხობა აფარებდნენ თავს.

 II. არგუმენტირებული ესე (24 ქულა) ქსენოფობია არის შიში, რომელიც უცხო კულტურის, განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება: ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.


III. წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი (40 ქულა)

ტარიელი ავთანდილს უამბობს მეფის სასახლეში გამართული თათბირის შემდეგ ნესტანთან შეხვედრის ამბავს: I. ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
 II. მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!“ ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?..“
III. „შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება; შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება. ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
 IV. გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუეთა სახენიმცა რანი ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
V. ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
 VI. ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო“. ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.

VII. თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!
 VIII. შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე, თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე! რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
IX. რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია“. მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო“, თავი დამიქნია.
X. კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს? მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?
 XI. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა“.
 XII. მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა. ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?“


 ა) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)

3. რომელ მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ამ ტექსტის პირველ სტრიქონში? ა) ალუზიას. ბ) გაპიროვნებას. გ) ირონიას. დ) შედარებას

4. როგორ განწყობაზე დახვდა ტარიელს ნესტან-დარეჯანი? ა) განრისხებული იყო. ბ) დაბნეული იყო. გ) დანაღვლიანებული იყო. დ) შეშინებული იყო. დაბრუნება ტექსტის
  5. მეორე სტროფის მიხედვით, რა გაუკვირდა ნესტანს? ა) რომ ნესტანისათვის საქმროს შერჩევას ტარიელი სიხარულით შეხვდა. ბ) რომ ტარიელმა არ იცოდა ნესტანი
 6. მეორე სტროფის მიხედვით, რას უნდა ელოდეს ტარიელი? ა) ინდოეთიდან გაძევებას. ბ) მეფის მხარდაჭერას. გ) ნესტანის თანაგრძნობას. დ) ღვთის სასჯელს.
 7. მეორე სტროფის მიხედვით, რა უპასუხა ტარიელმა ნესტანის ბრალდებას? ა) არასდროს არავისთვის არ მიღალატია და ეგ ბრალდებაც უსაფუძვლოაო. ბ) გაბრაზებული ჩემზე კი არ უნდა იყო, არამედ საკუთარ მშობლებზეო. გ) პასუხს მაშინ მოგახსენებ, როდესაც წყენა გადაგივლის და დამშვიდდებიო. დ) რა უნდა გიპასუხო იმის თაობაზე, რის შესახებაც არაფერი ვიციო.
 8. ნესტანის აზრით, რა ბრალი მიუძღოდა ტარიელს? (უპასუხეთ მესამე სტროფის მიხედვით) ა) მეფის სასახლეში გამართულ თათბირზე ტარიელმა წინააღმდეგობა გაუწია ნესტანის მშობლებს და აჯანყებითაც დაემუქრა მათ. ბ) ტარიელი არ დაესწრო ნესტანის გათხოვების თაობაზე გამართულ თათბირს, რათა მეფისათვის წინააღმდეგობა არ გაეწია. გ) ტარიელი დაესწრო ნესტანის გათხოვების თაობაზე გამართულ თათბირს და მეფეს წინააღმდეგობა არ გაუწია. დ) ტარიელმა ვერ გაიაზრა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობას ხვარაზმშას ძის გამეფების შემთხვევაში.
 9. რას გულისხმობს ნესტანი სიტყვებში: „სიმტკიცე და იგი მცნება“? ა) რაინდის მოვალეობას სამშობლოს წინაშე. ბ) რაინდის მოვალეობას მეფის წინაშე. გ) შეყვარებულთა მიერ ერთმანეთისთვის მიცემულ ფიცს. დ) სახარებისეულ შეგონებას - „არა კაც ჰკლა“.
10. რა შეახსენა ნესტანმა ტარიელს მეოთხე სტროფის პირველი და მეორე სტრიქონებით? ა) როგორ ევედრებოდა გამიჯნურებული ტარიელი ექიმებს განკურნებას. ბ) რომ ტარიელი ყველაფერს აკეთებდა მისი გულის მოსაგებად. გ) რომ ტარიელმა მისი სიყვარულის დამსახურება ვერ შეძლო. დ) ტარიელი ცუდად რომ გახდა სასახლეში მისი დანახვის დროს.
11. ნესტანის სიტყვებით, ვინ უფრო დაზარალდება ტარიელის საქციელის შედეგად? ა) ინდოეთის ხელმწიფე. ბ) ნესტან-დარეჯანი. გ) თავად ტარიელი. დ) ხვარაზმშას ვაჟიშვილი.
 12. ნესტანის აზრით, რა შემთხვევაში შეინარჩუნებს იგი ინდოეთის ტახტს? ა) თუ ინდოეთის ტახტზე ტარიელი ავა. ბ) თუ ხვარაზმშას ძეს ცოლად არ გაჰყვება. გ) იგი ყველა შემთხვევაში ტახტზე დარჩება. დ) მეფე-დედოფლის ნებას თუ შეასრულებს.
 13. რით დაემუქრა ნესტანი ტარიელს? ა) თანამდებობიდან გადაყენებით. ბ) მეფის რისხვით. გ) სიკვდილით. დ) ღალატით.
 14. რას გულისხმობს ტარიელი სიტყვებში: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად“? ა) ტარიელი დარწმუნდა, რომ ამის შემდეგ ამირბარობას მაინც შეინარჩუნებდა. ბ) ტარიელი, მიუხედავად შეურაცხყოფისა, მოსალოდნელ სასჯელს აიცილებდა. გ) ტარიელი მიხვდა, რომ, მუქარის მიუხედავად, ნესტანს ძალიან უყვარდა. დ) ტარიელი ფიქრობდა, რომ ნესტანი მუქარას სინამდვილეში ვერ აასრულებდა.
 15. რა მიზნით აიღო ტარიელმა ხელში სასთუმალთან მდებარე გადაშლილი მუსაფი (ყურანი)? ა) საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად წმინდა წიგნზე დაფიცებას აპირებდა. ბ) სურდა ნესტანისთვის წმინდა წიგნიდან შესაფერისი ეპიზოდი წაეკითხა. გ) სხვა საგანზე ყურადღების გადატანით სიტუაციის განმუხტვა სურდა. დ) ყურანის იგავის მოშველიებით საკუთარი საქციელის გამართლება უნდოდა.
16. რა არგუმენტით უსაბუთებს ტარიელი სატრფოს, რომ მეფე-დედოფალს გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა? ა) ინდოეთის ხელისუფლება გადაწყვეტილებას არასდროს ცვლიდა. ბ) მათ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი. გ) ხვარაზმელთა სამეფოში მოციქული უკვე გაგზავნილი იყო. დ) ხვარაზმშა ინდოეთს სხვაგვარ არჩევანს არ აპატიებდა.
17. ტარიელის აზრით, რატომ არის მეფის გადაწყვეტილება უსამართლო? ა) ინდოეთის ტახტი ტარიელს ეკუთვნის. ბ) იგი ნესტანთან შეუთანხმებლად არის მიღებული. გ) ტახტზე უცხოელის დასმა არ შეიძლება. დ) ხვარაზმელები ინდოეთის დაუძინებელი მტრები არიან.

ბ) მხატვრული ტექსტის ანალიზი (25 ქულა)

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:  იმსჯელეთ ნესტანის მხატვრული სახის შესახებ;  იმსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;  იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ. თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!



 თხზულებაში „იუპიტერის სინანული“ ჯემალ ქარჩხაძე იმპერატორ ნერონის უკანასკნელი ღამის შესახებ მოგვითხრობს:
ანიკეტუსისთანა ერთგული ქვეშევრდომი ნერონს სხვა არავინ ჰყოლია - ეტყობა, ერთგულება მართლა სიბრიყვის უკანონო შვილია - და ნერონმაც ღირსეულად დაუფასა სამსახური1 : სხვები რომ სიკვდილით დასაჯა, იმას გადასახლება აკმარა. ალბათ, აჯობებდა არც გადაესახლებინა. ახლა რომ აქ ჰყოლოდა, დიდი ნუგეში იქნებოდა. ანიკეტუსი არ გაიპარებოდა. ანიკეტუსი არ მიატოვებდა თავის იმპერატორს... მერედა, საიდან უნდა სცოდნოდა ნერონს, რომ ანიკეტუსი სანატრელი გაუხდებოდა?! განა უნდოდა გადაესახლებინა, მაგრამ რა ექნა? უკეთესი და უარესი მხარე ყველფერს აქვს. ანიკეტუსმა დავალება კი პატიოსნად შეასრულა მაშინ, მაგრამ ასევე პატიოსნად რომ უამბო ყველაფერი, მას შემდეგ ნერონს მის დანახვაზე ყოველთვის გაუგებარი ზიზღი ეუფლებოდა და, რომ არ მოეკლა, იმიტომაც გადაასახლა... ჩუ!.. გაიფაჩუნა რაღაცამ თუ არ გაიფაჩუნა? ჯერ ეგონა, რომ გაიფაჩუნა, მერე, განაბულმა რომ დაძაბულად მიუგდო ყური, იფიქრა, მომეჩვენაო, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გახურებულმა გონებამ ორივე ვარაუდი შეძლებისდაგვარად აწონ-დაწონა, მიხვდა, რომ სულ ერთი იყო, მოეჩვენა თუ მართლა გაიფაჩუნა. თუ არ გაიფაჩუნა, გაიფაჩუნებს. ღამის სიბნელეში ჩაფლული ვეება ბაღი მკვლელებითაა სავსე. ბევრნი არიან და ყველგან არიან. ბუჩქებში, ხეების ძირას, ქანდაკებების უკან, სვეტებქვეშ... შეიარაღებულები, გაფაციცებულები, მომზადებულები... ნიშანსღა ელიან, რომ შემოცვივდნენ და ყოველი მხრიდან ერთდროულად დაესხან თავს... ნეტა ყველა ნერონივით კანკალებს სიკვდილის მოლოდინში, თუ ნერონი განსაკუთრებით მგრძნობიარეა? რომ სცოდნოდა, სიკვდილთან
 1 ნერონმა საკუთარი დედა, აგრიპინა, ერთგულ ანიკეტუსს მოაკვლევინა.

 შეხვედრა ასეთი ძნელი იქნებოდა, ეგებ ამდენი ხალხი არც დაეხოცა. მაგრამ, საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ისე სხვის სიმწარეს როგორ გაიგებ?.. ანიკეტუსი ირწმუნებოდა, აგრიპინას შიშისა არაფერი ეტყობოდაო. თუმცა ანიკეტუსი რას შეამჩნევდა! სენეკა?
2 აკი სენეკამ, როგორც ნერონს უამბეს, საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ სოკრატეს
3 აუმღვრეველი სიმშვიდე მითი და ლეგენდა არ ყოფილა! დაამტკიცა კია?.. ნერონს წამით ყელში სიბრაზე მოაწვა და ინანა, რომ სენეკას ასეთი ზარ-ზეიმით მოაკვლევინა თავი იმის ნაცვლად, რომ ჩუმად და უხმაუროდ მოეშორებინა, როგორც ბუროსი მოიშორა, რომელსაც წამლად საწამლავი შეაპარა. საწამლავის ხსენებაზე აბურდული ფიქრები უეცრად ადგილზე გაშეშდნენ. გუშინ, როდესაც საბოლოოდ გადაუწყდა იმედი და დარწმუნდა, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, საწამლავი მოიმარაგა; სათუთად ჩადო ოქროს პატარა კოლოფში, როგორც უკანასკნელი ნუგეში, რომელსაც შერცხვენისგან უნდა ეხსნა და თან წამოიღო. სასაცილოც იყო და გულისმომკვლელიც, რომ საწამლავი იმ ავყია ლოკუსტას გამოართვა, რომლის ხსენებასაც კი ვერ იტანდა... უეცრად ტვინში რაღაც განათდა. პირველი მკვლელობაც ლოკუსტას საწამლავით ჩაიდინა და უკანასკნელი მკვლელობაც ლოკუსტას საწამლავით უნდა ჩაედინა. ეს ხელოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებას. ამის გაფიქრებაზე ნაწლავებზე რაღაცამ საამოდ და სევდიანად შეუღიტინა, ხოლო იმავ წამს ის ლექსები მოაგონდა, რომლებიც ჯერ არ შეეთხზა და, ჩანს, ვერც ვეღარასოდეს შეთხზავდა, და ამჯერად ის ადგილი, სადაც წეღან შეღიტინება იგრძნო, მწარედ აეწვა. საწამლავი სად შეინახა, აღარ ახსოვდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, გაეხსენებინა თუ არა. სიკვდილის შიში ერთი უმთავრესი ადამიანური თვისებაა და თუ  2 სენეკა - რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი და ფილოსოფოსი, ნერონის აღმზრდელი, რომელმაც იმპერატორის ბრძანებით თავი მოიკლა. 3 სოკრატე - ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი, პლატონის მასწავლებელი, რომელმაც უდრტვინველად მიიღო სასიკვდილო განაჩენი და თვითონ დალია საწამლავი.
 აგრიპინამ არაფერი შეიმჩნია, ან სენეკამ არაფერი შეიმჩნია, ან სხვებმა - თუნდაც სოკრატემ - არაფერი შეიმჩნიეს, იმიტომ კი არა, რომ არ ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ შიში ხელოვნურად დამალეს და ბუნებას აუმხედრდნენ. ბუნების წინააღმდეგ ამხედრება კი უგუნურებაა. ნერონზე შორს ამ გზაზე არავინ წასულა და ნერონზე უკეთ არავინ იცის, რომ ბუნების ნიღბით შეცვლა შეუძლებელია, რადგან ეს ღმერთების არსებობას ხიფათს უქმნის, ხოლო რაკი ასეა, შიშის გამომჟღავნება არ არის სირცხვილი, პირიქით - შიშის დამალვაა სირცხვილი. გონიერების მაგალითი კი ვინ უნდა მისცეს ადამიანებს, თუ არა ადამიანთა შორის უკეთესმა?.. ასეთი ახსნა გასაჭირში ჩავარდნილ პატივმოყვარეობას თავიდან კარგ სალბუნად დაედო და ნერონს გულს მოეფონა, მაგრამ მალე ისევ შემოეპარა ეჭვი: თუ მაინც ისა სჯობს, სიმამაცის მაგალითი მისცეს ადამიანებს იმპერატორმა და არა შიშის?.. საბოლოოდ გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და საწამლავი მოეძებნა, რათა საჭიროების შემთხვევაში ორივე მაგალითის მისაცემად მზად ყოფილიყო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, საწამლავი ვერსად იპოვა, თუმცა მთელი ოთახი გადააქოთა. ნერონი შეფიქრიანდა. კარგად ახსოვდა, რომ საწამლავი ნამდვილად წამოიღო. მაშ, რა იქნა? „ალბათ, ბიბლიოთეკაში დავტოვე“, - იმედიანად თქვა გულში მცირე ყოყმანის შემდეგ. ბიბლიოთეკა გვერდით იყო, მარცხნივ, და საწოლი ოთახისგან მაღალი, მოჩუქურთმებული კარი ჰყოფდა. ნერონი ამ კარს მიადგა. ჯერ მიაყურადა, მერე ნელა შეაღო. რაკი საშიში ვერაფერი შეამჩნია, გაბედა და ფრთხილად შევიდა... სიბნელეს თვალი შეაჩვია და საწამლავს დაუწყო ძებნა. დიდხანს ეძია. თაროებზე, მაგიდაზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკებზე, იატაკზე, გრაგნილებს შორის, დაფებს შორის... საწამლავი უკვალოდ გაქრა. ალბათ, მცველებმა მოიპარეს და თან წაიღეს, ან მსახურებმა... რა უნდოდა საწამლავს ოქროს კოლოფში!..
 ა) წაკითხულის გააზრება (15 ქულა)
 3. რატომ იქნებოდა ნერონისთვის ანიკეტუსის გვერდით ყოლა „დიდი ნუგეში“? ა) გონიერებით გამორჩეული ანიკეტუსი ნერონს გამოსავალს აპოვნინებდა. ბ) სიმამაცით გამორჩეულ ანიკეტუსს თავისი მტრების ბანაკში შეგზავნიდა. გ) რომის ინტერესებისთვის ანიკეტუსი დაუფიქრებულად გაწირავდა თავს. დ) ნერონს ანიკეტუსზე უფრო ერთგული ადამიანი არ ჰყავდა.
4. რას ნანობდა ნერონი? ა) ანიკეტუსი რომ გადაასახლა. ბ) ანიკეტუსი რომ მოაკვლევინა. გ) ანიკეტუსი რომ მიატოვა. დ) ანიკეტუსს რომ დაეხმარა.
5. რატომ გაუხდა „სანატრელი“ ნერონს ანიკეტუსის გვერდით ყოლა? ა) ნერონს ანიკეტუსის დასჯის გამო სინდისი აწუხებდა. ბ) ნერონი საჭირბოროტო პრობლემებზე ვეღარავის ეპაექრებოდა. გ) ნერონს ანიკეტუსთან გატარებული ბედნიერი წლები მოენატრა. დ) საფრთხის წინაშე მდგომი ნერონი ყველამ მიატოვა.
 6. რატომ დაიძაბა ნერონი, როცა „რაღაცამ... გაიფაჩუნა“? ა) მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა. ბ) მხსნელის გამოჩენის იმედი მიეცა. გ) უსამართლოდ დახოცილი ადამიანები გაახსენდა. დ) სიკვდილის დაუძლეველმა შიშმა შეიპყრო.
 7. ნერონის რა წინათგრძნობაზე მიუთითებს სიტყვები: „თუ არ გაიფაჩუნა, გაიფაჩუნებს“? ა) საკუთარი ჯარი მიეშველება. ბ) გადარჩენის შანსი მიეცემა. გ) ანიკეტუსი სამაგიეროს გადაუხდის. დ) გარდაუვალი სიკვდილი ელის.
8. რა განსხვავებაა სენეკასა და ნერონს შორის? ა) სენეკა სიკვდილის წინ შიშმა შეიპყრო, ნერონი კი თავის აღსასრულს ღირსეულად ხვდება. ბ) სენეკა სიკვდილს გმირულად შეხვდა, ნერონი კი სიკვდილს გულგრილად უყურებს. გ) სენეკა სიკვდილს ღირსეულად შეხვდა, ნერონი კი სიკვდილის შიშით კანკალებს. დ) სენეკა ამ ქვეყნიდან უხმაუროდ წავიდა, ნერონის სიკვდილს კი სახალხო გლოვა მოჰყვება.
9. ნერონის რა თვისება გამოჩნდა მის საქციელში, როდესაც ბუროსს „წამლად საწამლავი შეაპარა“? ა) უვიცობა. ბ) გულმოწყალება. გ) ვერაგობა. დ) გამბედაობა.
10. რა მხატვრული საშუალებაა „აბურდული ფიქრები“? ა) ჰიპერბოლა. ბ) გაპიროვნება. გ) შედარება. დ) ეპითეტი.
11. რა მიზნით წამოიღო ნერონმა საწამლავი? ა) შემთხვევით ვინმე რომ არ მოწამლულიყო. ბ) მკვლელისთვის მალულად რომ შეეპარებინა. გ) ცოცხალი რომ არავის ჩავარდნოდა ხელთ. დ) ლოკუსტას რომ არ გამოეყენებინა.
12. რას აფასებს ნერონი ამ სიტყვებით: „ეს ხელოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებას“? ა) საკუთარი დედისა და ერთგული ქვეშევრდომის დაუნდობელი მკვლელობების მსგავსებას. ბ) თავისი დიდებული შემოქმედებისა და უძლეველი მმართველობის მიღწევების მსგავსებას. გ) თავისი პირველი მკვლელობისა და უკანასკნელი მკვლელობის ჩადენის სურვილის მსგავსებას. დ) სიკვდილის შიშისა და სიკვდილის შიშის დაძლევით გამოწვეული გრძნობების მსგავსებას.
13. რატომ „აეწვა“ ნერონს „ის ადგილი, სადაც წეღან შეღიტინება იგრძნო“? ა) დარწმუნდა, რომ მშველელი არ გამოჩნდებოდა. ბ) იგრძნო, რომ პოეტად არ ვარგოდა. გ) მიხვდა, რომ ლექსებს ვეღარასოდეს დაწერდა. დ) ივარაუდა, რომ მას ლოკუსტა მოწამლავდა.
 14. ნერონის აზრით, რა იყო ის, რითაც აგრიპინა, სენეკა და სოკრატე „ბუნებას აუმხედრდნენ“? ა) ისინი იმპერატორს არ დაემორჩილნენ. ბ) მათ იმპერატორის წინააღმდეგ გაილაშქრეს. გ) მათ სიკვდილის შიში დაძლიეს. დ) მათ სასიკვდილო განაჩენი გააპროტესტეს.
15. რაზე მიგვანიშნებს ავტორი ნერონის სიტყვებით: „შიშის გამომჟღავნება არ არის სირცხვილი“? ა) ნერონს საკუთარი სიმხდალის გამართლება სურს. ბ) ნერონს სიკვდილის საერთოდ არ ეშინია. გ) რომ ამბოხებულთა დაშინება სამარცხვინოა. დ) რომ მოწინააღმდეგის შეშინება შეუძლებელია.

16. რატომ შევიდა ნერონი ბიბლიოთეკაში მხოლოდ კარზე მიყურადების შემდეგ? ა) ფრთხილობდა, მოულოდნელად თანამებრძოლები არ გაეღვიძებინა. ბ) ეშინოდა, ბიბლიოთეკაში მკვლელი არ ყოფილიყო ჩასაფრებული. გ) ფიქრობდა, რომ ბიბლიოთეკაში მისი მეგობრები იქნებოდნენ. დ) არ უნდოდა, სიკვდილის წინ ოჯახის წევრებს შეხვედროდა.

 17. რას გვეუბნება ავტორი ნერონის შესახებ ბოლო აბზაცში? ა) ნერონი ყველა შემთხვევაში განწირულია. ბ) ნერონმა გაქცევის გეგმა მოიფიქრა. გ) ნერონს თანამებრძოლთა დახმარების შანსი გაუჩნდა. დ) ნერონმა ბრძოლისთვის მხნეობა მოიკრიბა.

ბ) მხატვრული ტექსტის ანალიზი (25 ქულა)

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:  იმსჯელეთ ნერონის მხატვრული სახის შესახებ;  იმსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;  დაახასიათეთ ავტორის თხრობის მანერა და ტექსტის ენობრივი თავისებურებები. თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

3 comments:

  1. გმადლობთ გამოვიყენებ თქვენს მასალას

    ReplyDelete
  2. კარგი ტესტებია,მაგრამ პასუხებს თუ დაამატებთ უკეთესი იქნება

    ReplyDelete
  3. გმადლობთ მეც გავიზიარებ ამ მასალას

    ReplyDelete